კანონის უზენაესობა და თანასწორობა კანონის წინაშე
გულისხმობს სამართლის და სამართლიანობის გამიჯვნას და კანონის აღსრულების აუცილებლობას. საკანონმდებლო სისტემა უნდა იცავდეს ადამიანების თავისუფლების ხელშეუხებლობასა და მათი უფლებების დაცვას, ეყრდნობოდეს ეთიკურ პრინციპებს და არ ლახავდეს პირადი ცხოვრების ინტიმს. ამავდროულად, მკაცრად უნდა ზღუდავდეს ხელისუფლებას, ზუსტად უწესებდეს სამოქმედო ასპარეზს და ხერხებს. ყველა, მიუხედავად ქონების, სამსახურებრივი მდგომარეობისა და დამსახურებისა, ხელისუფლების წევრების ჩათვლით, კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ყველა ბრალდებულს უნდა განემარტოს რაში ედებათ მათ ბრალი, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა. ყველა უდანაშაულოა, სანამ მათი ბრალეულობა არ დადასტურდება. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, არც ხელისუფლება და არც ვინმე სხვა, უნდა კარნახობდეს ან ემუქრებოდეს მათ, თუ როგორ მოიქცნენ. მათ უნდა მართავდეს სინდისი, ზნეობა და კანონი.
რწმენის და ცოდნის მიღების თავისუფლება, ადამიანისათვის ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი და საკვები. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც განათლების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი, ამცირებს სოციალურ დაძაბულობას და ზრდის ადამიანების შრომის ნაყოფიერებას. რწმენა და განათლება ადამიანის პირადი საქმეა. მისი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. ისინი თავად ადამიანს სჭირდება, რომ უფრო მეტად შეიმეცნოს სამყარო და იპოვოს საკუთარი ადგილი მასში. ის თავად უნდა მივიდეს ამ აზრამდე და თავადვე იმოქმედოს. რწმენისა და განათლების ძალით თავზე მოხვევაა შეუძლებელი და დაუშვებელია.
თანასწორუფლებიანობა ჩვენთვის ასაკობრივ, რასობრივ, სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმინაციის უარყოფას ნიშნავს. თანასწორუფლებიანობა გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას.
სამართლიანობა შედეგების შესაბამისობაა შრომასა და თავდადებასთან, რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება, ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია.
•ხელისუფლება საჭიროა იმდენად და მხოლოდ მაშინ, რამდენადაც და როდესაც ის ახერხებს, რომ დაიცვას მოქალაქეთა სიცოცხლე, საკუთრება და სხვა განუყოფელი უფლებები. მას შეზღუდული და სრულიად განსაზღვრული, ერთობ სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფუნქციები უნდა ჰქონდეს, რომელთა აღსრულება არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და იქნება გამჭვირვალე, როგორც ანგარიშგებისათვის, ისე კრიტიკისათვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელისუფლების კონტროლის საშუალება. მათ არ უნდა დაუშვან, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად დაარღვიოს მისთვის მიჩენილი სამოქმედო საზღვრები, ჩაერიოს მათ კერძო ურთიერთობებში და შელახოს უფლებები. ხელისუფლება უნდა ემსახუროს მოქალაქეს, მის მიერვე უნდა იყოს შერჩეული, დაქირავებული და ექვემდებარებოდეს შეცვლას, როდესაც ის ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, მოქალაქე უნდა აკონტროლებს მას და არა პირიქით.
•ასეთი ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ძალაუფლების განაწილების პრინციპს, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ძალაუფლება არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრის ხელში, რადგანაც ამან შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ადამიანების უფლებების უგულვებელყოფა. ასეთი ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთას შეიძლება ხელმძღვანელობდეს (პირდაპირ ან არაპირდაპირ) არჩეული პირი, მაგრამ მისი საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული და მართული ხალხის წარმომადგენლობითი კონტროლით. ასეთი სისტემა გარეგნულად ახლოს დგას დემოკრატიასთან. რასაკვირველია, ეს სისტემა, ისევე როგორც სხვა მმართველობის ფორმები, შეიძლება ტირანიად იქცეს, თუკი ის გადაგვარდება არჩევნებში “გამარჯვებული” უმრავლესობის მიერ “დამარცხებული” უმცირესობის მიმართ ანგარიშსწორების მანქანაში. მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი დაცული იყოს ჩაგვრისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი ე.წ. დემოკრატიული არჩევნების შედეგად “წაგებულ” უმცირესობაში მოხვდება. დემოკრატიული არჩევნები არ უნდა იქცეს “გამარჯვებულთა” სახელით, იმავე “უმრავლესობის” წარმომადგენლების და ან “უმცირესობის” ჩაგვრისა და ფიზიკური განადგურების იარაღად და მის ლეგიტიმაციად. აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფალთა შერჩევის ღია, ჯანსაღი, კრიტიკული და კონკურენტული გარემო, რომ დამკვიდრებულ ადგილის, სახელისა და დიდების დაკარგვის შიშმა, გააკონტროლოს და დააბალანსოს ხელისუფალთა ცდუნება, ბოროტად და სხვების საზიანოდ გამოიყენონ მინდობილი ძალაუფლება.
•შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ მშვიდობა ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას, ხოლო ომი – სპობს ადამიანურობას, აცამტვერებს ყოველივე იმას, რაც შეუქმნია და უღირს ადამიანს. ადამიანი, რომელსაც აქვს ქონება, შრომობს, ქმნის, აწარმოებს მომხმარებლებისათვის საჭირო საქონელს და მომსახურებას, ღებულობს მოგებას და კმაყოფილია ცხოვრებით, არაფრის დიდებით არ დათანხმდება ომზე, რომელიც ძირს გამოუთხრის მის ყოფაცხოვრების, საფრთხეს შეუქმნის მას და მისი ახლობლების სიცოცხლეს; გაანადგურებს მის ქონებას.