ეკონომიკა

ინდივიდის პირადი თავისუფლება განუხორციელებელია კერძო საკუთრების გარეშე. კერძოს საკუთრების შეუვალობა ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. კერძო საკუთრების უფლება აქვს ყველას, ეს უფლება შეუვალია, ისევე როგორც თვით კერძო საკუთრება. კერძო საკუთრება არის ის საფუძველი, რომელზედაც ადამიანების თანამშრომლობა და ურთიერთობა იგება. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების გარანტიას. კერძო საკუთრების უფლებას მოკლებული ადამიანი შეზღუდულია. კერძო საკუთრება არის კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა, მოტივატორი. ეკონომიკური თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება იმ რეალობას, რასაც ადამიანის ლოგიკური მოქმედება, რომ სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ეს ადამიანს შეუძლია მაშინ, როდესაც ის სრულფასოვნად განკარგავს საკუთარ თავს, შრომას, დროს, ნიჭს, შესაძლებლობებს და ყველა დანარჩენ რესურსს. პრიორიტეტული ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია შრომის დანაწილების ისეთ სოციალური სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე. ასეთი თვითორგანიზებადი სისტემა ყალიბდება ადამიანების ურთიერთ თანამშრომლობით, რომელიც აგებულია არაძალადობრივ, ნებაყოფლობით და ურთიერთსასარგებლო გარიგებებზე და სამეურნეო გაცვლებზე.

ყოველივე ამას, ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს; მხოლოდ ღია და თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი, რასაც საბაზრო ეკონომიკა ეწოდება. ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფალ ფასებს და ღია, საერთაშორისო კონკურენციას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების დონის ამაღლებას, პროდუქციის ხარისხიანობას და ხელმისაწვდომ ფასებს. საბოლოო ჯამში კი, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ბუნებრივი განსხვავებები, როგორც თავად ადამიანებს, ისე მათი ცხოვრების გარემო პირობებს შორის, განაპირობებს, რომ ღია ბაზარზე ყველა ერთნაირად წარმატებით ვერ საქმიანობს. მაგრამ ამ პრობლემას, თავად თავისუფალი ბაზარი წყვეტს. ის იძლევა განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების ჰარმონიზების საშუალებას. დაუშვებელია ნებისმიერ ფორმის შეზღუდვა და ბარიერი, რომლებიც აფერხებს ადამიანის ბაზრის მონაწილედ გადაქცევას. სახიფათოა, როდესაც ხელისუფლება ერევა სამეურნეო ურთიერთობებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის საკუთრების უფლების უხეშ შეზღუდვას ნიშნავს, რადგან ამ დროს რესურსები იძულების წესით გადანაწილდება კერძო მეპატრონეების ჯიბიდან, ე.წ. საზოგადოებრივში, რომელიც როგორც წესი ”უძიროა”.

გადასახადების გადამხდელებიდან იძულებით აკრებილი გადასახადები კი, ძირითად ბიუროკრატიის და მათი პოლიტიკური მფარველების მთელი ჯარის შენახვას ხმარდება. ჩვენ გადასახადების და ბიუროკრატიის შემცირების მომხრენი ვართ.